თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში თბილისში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება ბრიუსელში, სადაც 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხები განიხილეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შარლ მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.
პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.
პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.