თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თითქმის ორი ათეული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
მისალოცი წერილები ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელს გამოუგზავნეს პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, საბერძნეთის, გერმანიის, სერბეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, უნგრეთის, სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, თურქეთის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ხოლო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის წერილში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის წერილში ყურადღება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა.
„გასულ წელს ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა, ხოლო ოქტომბერში დაგეგმილი სამთავრობო სამიტი ჩვენს ურთიერთობებს დამატებით იმპულსს მისცემს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის უმოკლეს ვადებში მიღებაში“, – დაწერა სიიარტომ.
საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“ – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების წერილში.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონები მოეწყო. ცალკე მოეწყო ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტი და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.