თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დესტაბილიზაციისა და ომის საფრთხეს რისკის დონეზეც კი არ დაუშვებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გუშინ თარგამაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის გადასარჩენად, მათ შორის მისაღებია პროტესტის მწვავე ფორმა. მისი თქმით, არაფერია ცუდი იმაში, რომ მარტში თბილისში გამართული აქციების დროს მომიტინგეებმა პოლიციის მანქანა დაწვეს.
„მინდა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში რისკის დონეზეც კი დაშვებული არ იქნება. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომისა და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
სინამდვილეში ყოველივე ეს აჩვენებს რეალურ სურვილებს, ისევე, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის" არსს – ასე შეაფასა გივი თარგამაძის განცხადება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ისინი ძალადობის ახალი ფორმებისა და მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ, როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდეს თარგამაძე ან „ნაცმოძრაობის" სხვა წარმომადგენლები. ეს გეგმები განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და ჩვენ არ დავუშვებთ მსგავსი გეგმების განხორციელებას, აღნიშნა კობახიძემ.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.
იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. კანონპროექტი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.