იზრდება მედიკამენტების რაოდენობა რეფერენტული ფასებით

აფთიაქები დაჯარიმდებიან, თუ მედიკამენტებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, აღნიშნეს ჯანდაცვის უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე რეფერენტული ფასების მქონე მედიკამენტების რაოდენობის 7 ათასამდე გაზრდას გეგმავს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
ამჟამად რეფერენტული ფასები 1,6 ათასი დასახელების წამალზე ვრცელდება. ეს პრეპარატები განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ, აღნიშნეს ჯანდაცვის უწყებაში.
წამლების ჩამონათვალისა და ფასების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
გაწეული სამუშაო და გეგმები: ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე წარდგა>>
გარდა ამისა, დაწესდა რეფერენტული ფასები, რაც ითვალისწინებს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება.
რეფორმების შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
როგორ იმუშავებს წამლის ხარისხის ახალი ლაბორატორია>>
ახლახან საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.