თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.
დეპუტატმა ანა წითლიძემ მინისტრისგან მოითხოვა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკანდალურ კვლევაზე პასუხი, რომლის თანახმად, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა 38% სრულ შიმშილს განიცდის, ხოლო 77% – ნაწილობრივს.
„იმისთვის, რომ სკოლებში კვების საკითხი მოგვარდეს, საჭიროა რიგი სხვა საკითხების მოწესრიგება. კერძოდ, უნდა მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი“, - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის მშენებლობა-რემონტი დაიწყო.
გარდა ამისა, პარალელურად, სხვადასხვა დონორების დახმარებით, კიდევ 270 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში 1 ათასზე მეტი სკოლა იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განაცხადა ამილახვარმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად, მინისტრმა განაცხადა, რომ კვლევაში მოყვანილი ბავშვების 38%-დან ნაწილი სკოლაში არ ჭამს იმიტომ, რომ ახლომახლო ტერიტორიაზე საკვები ხელმისაწვდომი არ არის, ნაწილს კი არ უნდა.
აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ის ბავშვებიც, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ - ისინი დაახლოებით 20%-ს შეადგენენ და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათ დასახმარებლად, განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ რას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამილახვარმა უპასუხა, რომ 2021 წლიდან შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ამ საკითხით არის დაკავებული.
აღნიშნულ კომისიაში, განათლების სამინისტროს გარდა, შედის ჯანდაცვის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების სამინისტროები, გაეროს ბავშვთა ფონდი, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები.
კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის სკოლებში უფასო კვების პროგრამის განხორციელებას. კერძოდ, გამოვლენილია ისეთი პრობლემები, როგორიცაა სკოლებში სამაცივრო და შესანახი ინფრასტრუქტურის, ხილისა და ბოსტნეულის მარაგის, ადგილობრივი საზოგადოების კულტურული თავისებურებების და შესაბამისი ბიზნეს-კომპანიების არარსებობა.
ამილახვარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროგრამას ვერ იწყებს არა იმიტომ, რომ თანხებს ვერ გამოყოფს, არამედ იმიტომ, რომ უზარმაზარ, კომპლექსურ, დარგობრივი პრობლემებს აწყდება.
მინისტრის თქმით, თუ დაველოდებით სკოლების მშენებლობის დასრულებას და შეკეთებას, მაშინ მთავრობა შეძლებს ამ პროგრამის განხორციელებას ერთიანი სისტემით, ერთი მიდგომით.
„მე არ მიმაჩნია სწორად სადღაც დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადღაც არა. თუ დავიწყეთ, ყველასთვის უნდა დავიწყოთ, არ შეიძლება რეგიონის გამოყოფა და ა.შ. ეს ყველასთვის უნდა იყოს", - აღნიშნა ამილახვარმა.
განათლების მინისტრმა წალენჯიხის სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის დაწყებაზეც გააკეთა კომენტარი. იქ, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, რაიონის 30 სკოლაში პირველკლასელებისთვის უფასო კვებაა.
თუმცა, როგორც მინისტრმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება პროგრამის განხორციელებას მხოლოდ 21 სკოლაში ახერხებს. მიზეზი კი არა ფინანსებში, არამედ ლოგისტიკაში, დისტრიბუციასა და ინფრასტრუქტურაშია.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს ამილახვარმა სამი მოდელი დაასახელა, რომლებზეც განათლების სამინისტრო მუშაობს. პირველი არის ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა, ის სრულად არის აღჭურვილი და შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს ეს პროცესი.
მეორე მოდელი არის ცენტრალიზებული სისტემა, როდესაც გარკვეულ არეალში არის საწარმო, რომელიც აწარმოებს ე.წ ნახევარფაბრიკატებს, აწვდის სკოლას და უკვე იქ ხდება საკვების მომზადება.
მესამე მოდელი არის მიწოდება, ეგრეთ წოდებული „ლანჩბოქსები“. მინისტრის თქმით, ეს ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს, თუმცა, ასე არ არის. დისტრიბუციის უზარმაზარი პრობლემების გარდა, ამ მოდელს აქვს ისეთი ნიუანსი, როგორიცაა საკვების უსაფრთხოება, პროდუქტების შერჩევა (ზოგს ალერგია აქვს, ზოგს საერთოდ არ ჭამს ამა თუ იმ პროდუქტს - რედ.).
„ლანჩბოქსების“ შემოღება მანამდე განათლების მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანი წითლიძემ შესთავაზა. როგორც მან განაცხადა, იგი თითო ბავშვზე სახელმწიფოს 2,5 ლარი დაუჯდება. ჯამში პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა 217 მილიონი ლარი.
დეპუტატის თქმით, შესაძლებელია ის განხორციელდეს ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები (I-VI) მოიცვას, რაც ბიუჯეტს 117 მილიონი ლარი დაუჯდება, რასაც განათლების მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა.
მარტის ბოლოს ოპოზიციურმა პარტიამ „ხალხისთვის“ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.
პარტიის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე დიდი ხანია საუბრობს სკოლებში კვების პროგრამის დანერგვაზე, მაგრამ დღეს სკოლებში ფუნქციონირებს ბუფეტები, სადაც ძირითადად იყიდება ფუნთუშეული, წვენები და გაზიანი სასმელები.
პარტია გეგმავს შეაგროვოს იმ რაოდენობის ხელმოწერები, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი პროცენტის ტოლი იქნება, რათა შესაბამისი პროექტი საკრებულოს წარუდგინოს.
პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისში 50 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
მანამდე განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად ამუშავებს სასკოლო კვების კონცეფციას. თუმცა არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ახალი პროგრამა უფასო.