თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთიდან პირველი რეისის ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციის ქმედებები ნაკარნახევი იყო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.
დღეს, 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა. პარალელურად, თბილისის აეროპორტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა - შეკრებილებმა ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლება გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აეროპორტის შენობაში არ შეუშვეს.
„აეროპორტში იმ მომენტში ოთხი რეისი ჩამოფრინდა, დაახლოებით 600 ადამიანი და აქცია რომ შენობაში ყოფილიყო, იქ იქნებოდა საღებავის შესხმა და ასე შემდეგ, რასაც ვერ დავუშვებდით“, - განაცხადა გომელაურმა.
როგორც მან აღნიშნა, შსს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
„ჩვენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვართ ყველა მოქალაქის დამცველი და ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ ყველას უსაფრთხოება - ერთი ჯგუფის, მეორე ჯგუფის მათ შორის ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ა.შ. აქციის მონაწილეებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, ჩვენ მათ ადგილი გამოვუყავით, გამოვუძებნეთ პარკინგი, დავეხმარეთ და ვუთხარით, შეგიძლიათ აქ გაჩერდეთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. ერთადერთი, მათ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინათ“, - განაცხადა გომელაურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაფრთხილების მიუხედავად, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, საღებავების სროლის ფაქტები - შედეგადაც ექვსი პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები მშვიდად რომ მდგარიყვნენ, მათ არავინ დააკავებდა, დასძინა გომელაურმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების განახლებას, რადგანაც იგი სარგებელს მოუტანს ასობით ათას ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა.
ღარიბაშვილმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანაპარტიელები იყვნენ, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. პრემიერმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და პირადად შეხვდა რუს ტურისტებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.