ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის: ევროკავშირი შეშფოთებულია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის 44%-დან წლევანდელ 31%-მდე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ დათანხმდა ქვეყნებს შორის ფრენების განახლებაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა. რუსეთის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ პირდაპირი რეისების შესრულებაზე ნებართვა უკვე მიიღეს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა Georgian Airways-მა.

„ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილების შემდეგ, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან“, – განაცხადა სტანომ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყანამ რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვრთავთ ნებას რუსეთიდან ან რუსეთში, ან მისი გავლით ავიამიმოსვლას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხედველობაში გვქონდეს“, – განაცხადა სტანომ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ იწვევს შეშფოთებას მისი ევრომისწრაფებების გათვალისწინებით.
კალაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის სანქცირებული ავიაკომპანიები არ იფრენენ >>

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან და ვალდებულებასთან დაკავშირებით, შეესაბამებოდეს ევროკავშირის დადგენილებებს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში“, – განაცხადა სტანომ.

მან სინანულით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და დეკლარაციების მიმართ საქართველოს შესაბამისობამ დაიკლო გასული წლის „ისედაც დაბალი“ 44%-დან წლევანდელ 31%-მდე.
„ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა სტანომ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე ეცნობა, რომ გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ რუსეთის ავიაციის სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.