თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციაში მყოფ თითოეული პოლიტიკურ სუბიექტს შესთავაზა, რომ ხვალინდელი დღის განმავლობაში მცირე დასაბუთებით წარადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, წარმოადგინონ მცირე, მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.
„ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენციის, კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა პარლამენტში. თუმცა ჩვენი პოზიციით ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა იზრუნებს იმაზე, რომ კენჭისყრა შედგეს.
„ყველა შემთხვევაში, ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს“, - აღნიშნა მან.
ამრიგად, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება ოპოზიციის პოზიციას კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, მოკლე დასაბუთებას, თუ რატომ არიან მათთვის მისაღები და რატომ დაუჭერენ მათ მხარს.
დეპუტატის თქმით, არის თუ არა კონსენსუსის შანსები, საზოგადოებას ამის შესახებ ხვალ დღის ბოლომდე ეცნობება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ხუთი ადგილისთვის სულ 32 კანდიდატი იბრძვის.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს საქართველოს პარლამენტში, მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს მათ ნახევარს და ამ საკითხზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან დაიწყოს.
ოპოზიცია 11 კანდიდატზე საუბრობს.
იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო - არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას ასეთი რაოდენობა არ აქვს.