კობახიძე: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდება

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2023
გამოწერა
კანონპროექტი გადაისინჯება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პირნათლად შეასრულებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ევროკომისიის რეკომენდაციას, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან ერთ-ერთ რეკომენდაციად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა დაავალა. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები შეიმუშავა და გაუგზავნა ვენეციის კომისიას, რომელიც ევროპული საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს. საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან პასუხი უკვე მიიღო.
„წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით გავყვებით მათ... შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიცირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქვა ვენეციის კომისიამ

დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა.
„მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას შეუძლია კანონის საფუძველზე ობიექტურად განახორციელოს მართლმსაჯულება და თავიდან აიცილოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციას იმაში, რომ ის მოქემდებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად“, - ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ვენეციის კომისიის აზრით, გასათვალისწინებელია ასევე მოსამართლეთა მათი თანხმობის გარეშე მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით.
ასევე გასათვალისწინებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კომისია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი დებულებების პროექტს დადებითად აფასებს. ამასთან, მისი რეკომენდაციით, ეს პროცესი უნდა შეიკვეცოს და გამარტივდეს, ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადრინდელი და სამომავლო გადაწყვეტილებები.

ახალი რეფორმის დეტალები

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნებისა და პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე საჯარო ინფორმაციის სახით შეიძლება გაეცეს დაინტერესებულ პირებზე, რომლებსაც საქმეზე სრულყოფილი წვდომა არ გააჩნიათ.
რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის საკითხს, ცვლილებები ითვალისწინებს იგივე წესების შემოღებას, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას და საქალაქო/რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევისას არსებობს. ამასთან, იხვეწება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სარჩელების განხილვის პროცედურა სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, სადაც კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას შერჩევის პროცესში გაასაჩივრებენ.
ამასთან, პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კვლავ საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით დანიშნავს. ამასთან, ერთი კანდიდატი ამ თანამდებობას ორჯერ ვერ დაიკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0