მსოფლიო დღეს

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება

ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის საარჩევნო უბნები გაიხსნა, ისინი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე იმუშავებს.
ამომრჩევლები აირჩევენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.
საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.
წინასაარჩევნო კვლევების შედეგები ჯერ არ ავლენს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მომავალი არჩევნების ფავორიტს, სხვადასხვა გამოკითხვები ორივეს სასარგებლოდ აჩვენებს შედეგებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტ ურნას დადგამენ.
ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.
ცხოვრებაში პირველად ხმას მისცემს 4,9 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება, იმ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 47.523 ადამიანით გაიზრდება, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ახმეტ იენერმა.
დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის >>
უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 27 აპრილიდან 9 მაისამდე გაიმართა, არჩევანი 1,8 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. სასაზღვრო პუნქტებზე კენჭისყრა ასევე 27 აპრილიდან მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ კვირას 17:00 საათზე დასრულდება. 73 ქვეყანაში თურქეთის საგარეო მისიებში არსებულ საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 53%-ს გადააჭარბა და რეკორდი დაამყარა, განაცხადა მანამდე იენერმა.
არჩევნების დღეს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, კაფეები დაკეტილია, ქორწილები ნებადართულია 18.00 საათის შემდეგ.
კომისიის მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.