ადამიანები იმიტომ კი არ ტირიან, რომ სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ ძალიან დიდხანს იყვნენ ძლიერნი — ჯონი დეპი
ყველა ბიჭი ოცნებობს, რომ გახდეს ნამდვილი მამაკაცი — რომლის შინაგან ძალასა და რკინისებურ გამძლეობას ნებისმიერი ქალის მოხიბვლა და ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია.
მაგრამ 40 წელს მიახლოებულ ასაკში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ მიმზიდველ სახეს მეორე მხარეც აქვს…
როდესაც ბიჭი იბადება, მთელი სამყარო, ანუ მშობლები, ნათესაობა, აღმზრდელები, მასწავლებლები ბავშვის წინაშე ამ როლის წარმატებით შესასრულებლად რიგ პირობებს აყენებენ. ეს პირობები მარტივი და ყველასთვის ცნობილია.
ბიჭი უნდა იყოს:
ძლიერი
არ იტიროს
სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.
ამ პირობების მიღებით ბიჭი იზრდება ძლიერ, დამოუკიდებელ, არამტირალა ნამდვილ მამაკაცად.
ცხოვრებაში ასეთი მამაკაცი მოძრაობს პირდაპირ, ნებისმიერ ვითარებაში მისი რეაქცია ადეკვატურია, ანუ უემოციო, ყველა განცდას საკუთარ თავში იმარხავს.
ნამდვილ მამაკაცებს პრივილეგიები არა აქვთ. მათ ერთი საერთო რამ ახასიათებთ — ისინი ემოციურად მარტოსულები არიან, არ შეუძლიათ ვინმეს გაუზიარონ საკუთარი ეჭვები და ტანჯვა — ისინი ხომ ნამდვილი მამაკაცები არიან — ძლიერნი, საიმედო ადამიანები, ერთგული მეუღლეები, პროფესიონალი სპეციალისტები, კარგი მეგობრები…
ნამდვილი მამაკაცი პირადი პრობლემების შესახებ მეგობრებს ვერ მოუყვება, ცოლს ვერ მიანიშნებს, დედას ვერ შესჩივლებს, ფსიქოთერაპევტთან ვერ მივა — ის ხომ ძლიერი, დამოუკიდებელი, ნამდვილი მამაკაცია! ამიტომ ყველა განცდა შიგნით უგროვდება. ამას კი რასთან მივყავართ? იმასთან, რომ ყველასთვის ცნობილია სტატისტიკა, რომლის მიხედვით, მამაკაცები ქალებზე საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ხოლო ბოლო ხანებში 35-50 წლის მამაკაცების მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტები კიდევ უფრო გაიზარდა.
ცოლი მის მხრებს უკან ისე იდგა, როგორც სალი კლდის უკან, მეგობრები გრძნობდნენ მის ძლიერ მხრებს, კოლეგები აფასებდნენ მის ფოლადისებრ ნერვებს. ყველა უბედურებასა და სიმწარეს ის ვაჟკაცური ამტანობით უძლებდა და ვერავის წარმოედგინა, რა ხდებოდა მის თავს...
მაგრამ შუახნის მამაკაცის სულში დიდი დავიდარაბაა:
აღარ არის თავდაჯერებული საკუთარ ძალებში. აწუხებს მუდმივი ეჭვები — გამოვა თუ არა ჩანაფიქრი, გაუმკლავდება თუ ვერა… ეს ფსიქიკას ფიტავს და დეპრესიას იწვევს.
არ არის დარწმუნებული ხვალინდელ დღეში. შეძლებს თუ არა ის ოჯახის უზრუნველყოფას ღირსეულად, შეინარჩუნებს თუ არა ბიზნესს, დაამთავრებს თუ არა სახლის მშენებლობას, ეყვარება თუ არა ცოლს ის უფულო…
სურს ნათესავებმა და მეგობრებმა შეაქონ. ისინი ხომ მის მცდელობას ისე იღებენ, როგორც სავალდებულოს, მიეჩვივნენ, რომ ასეთი მოწესრიგებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლობით სავსეა... მას კი უნდა მოისმინოს, როგორ უფრთხილდებიან, აფასებენ, უყვართ…
არ აქვს მამის პოზიციის გაგება ბავშვების აღზრდის საკითხებში. ძალზე სერიოზული თემაა ნევროზებისთვის იმ მამაკაცებში, რომელთაც ბავშვობაში გვერდით არ ჰყოლიათ ზომიერად მკაცრი, მაგრამ გამგები მამა, რომელსაც მიბაძავდნენ…
გაჩნდა პრობლემები სექსუალურ სფეროში. სქესობრივი დისფუნქცია ხომ, პირველ რიგში, ნერვულ-ფსიქიკურ აშლილობებს (ნევროზებს, დეპრესიას, განგაშის შეგრძნებებს, ფობიებს და სხვ.) უკავშირდება. დღეს ასეთი სიმპტომები უკვე 20 და 30 წლის ახალგაზრდებსაც უჩნდებათ…
ეს, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა არაა, რომლებიც ნამდვილ მამაკაცს აიძულებს, რომ მუდმივ დაძაბულობაში იცხოვროს, იგრძნოს თავი არასრულფასოვნად, დაზარალებულად, სუსტად, არასაჭიროდ…
ყველა ამ მიზეზის უკან კი დგას ერთი რამ — ბიჭის ერთგულება იმ მოვალეობისადმი, რომელიც მას „ნამდვილი მამაკაცის“ სახით თავს სოციუმმა მოახვია.
ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ ნამდვილმა მამაკაცმა თვითგანათლების, თვითგაგების, სასურველია — ფსიქოთერაპიის სეანსების დახმარებით მიიღოს ის ფაქტი, რომ ნამდვილ მამაკაცს აქვს უფლება:
ცრემლის — ეს მხოლოდ ქალების „პრეროგატივა" არ არის. ცრემლი ბუნებრივი საშუალებაა უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად, იმედგაცრუების გადასატანად. ის ეხმარება ორგანიზმს სტრესის მერე აღდგენაში.
სისუსტის — მამაკაცებს ქალის გულისთვის მთების გადადგმა შეუძლიათ, იპყრობენ პროფესიულ თუ პირად მწვერვალებს, მაგრამ მამაკაცებიც „ჩვეულებრივი ადამიანები“ არიან, ამიტომ ზოგჯერ მათაც შეუძლიათ თავი სუსტად იგრძნონ — მათ ამის უფლება აქვთ!
ეჭვების — ეჭვი არაფერში მხოლოდ სულელებს არ ეპარებათ, ხოლო ჭკვიან და განათლებულ მამაკაცებს კითხვის ნიშნის დასმის სრული უფლება აქვთ. თავად ეჭვის შესაძლებლობის გაცნობიერების შემდეგ უკვე სიამოვნებას იღებ საქმიანობის პროცესისგან, თუნდაც რისკზე მიდიოდე, და ეჭვი არ გღრღნის, თუ რა საბოლოო შედეგი მოჰყვება ამას.
არცოდნის — სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია. მაგრამ მამაკაცებს არცოდნის ძალიან რცხვენიათ. შეიძლება შეგრცხვეს შვილის წინაშე, რომ ფიზიკის კანონები არ იცი, ან რომელიმე სიტყვა უფროსის თვალწინ შეცდომით დაწერო. მაგრამ ეს არცოდნა მაშინ აღარ გაშფოთებს, როდესაც გესმის, რომ საერთოდ არ იცი, როგორ განაგრძო ცხოვრება, რომ ყველაფერი, რისთვისაც აქამდე ცხოვრობდი, გაუფასურდა და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. აღარ გაქვს ხვალინდელი გეგმები, მაგრამ სწორედ ეს არცოდნა ხსნის საკუთარი თავის ნამდვილი შეცნობის კარს. საკუთარი არცოდნის გაგება და მიღება — ესაა სწორედ მამოძრავებელი ძალა განვითარებისა და პირადი პროგრესისთვის.
ნამდვილ მამაკაცებს უფლება აქვთ აგრესიის, ეგოიზმის, უსუსურობის, ჩივილის, მზრუნველობის, რომ უხაროდეთ ბავშვურად, უზომო აღტაცებით… იმიტომ რომ ნამდვილი მამაკაცები სალი კლდე არ არიან, არ აქვთ ფოლადის ნერვები — ისინი ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანები არიან და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების უფლება აქვთ…