თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თბილისს ახალი დიდი აეროპორტი სჭირდება, რადგან არსებული აეროპორტის ტერიტორია მეტად ვერ გაფართოვდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისის აეროპორტი 2022 წელს დაახლდოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს. ამით მან 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 81%-ით დაიბრუნა.
„ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი. მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. დღეს არსებულ ტერიტორიაზე თბილისის აეროპორტს არ აქვს შესაძლებლობა იმ მასშტაბის გაფართოება განახორციელოს, რა მასშტაბითაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად სამინისტრო პროექტის დეტალებზე მუშაობს.
„ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება უშუალოდ დეტალებთან, კონტრაქტთან დაკავშირებით. ობიექტური მოცემულობაა, რომ თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება, რომელსაც ექნება მეტი გამტარუნარიანობა“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ამ დროისათვის საქართველოს მთავრობასა და TAV Georgia-ს შორის, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს, არსებობს შეთანხმება, რომელიც თბილისის აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში საერთაშორისო ფრენებს ზღუდავს.
უფრო ადრე ხუციშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება TAV Georgia-სთან კომპანიის მიერ მოთხოვნილი შეზღუდვების გამო აღარ გაგრძელდება.
TAV Georgia თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტის თანახმად, თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება. კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.