თბილისი, 10 მაისი – Sputnik. რუსეთი იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებისა და მის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან ამოქმედდება. 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებზე აკრძალვა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პროვოკაცია და საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელია.
„პირველ რიგში, დღეს ჩვენ ამ საკითხზე დეტალური კომენტარი გამოვაქვეყნეთ და, მეორეც, გადავდგით ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, რისი უფლებაც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ჩვენი განზრახვის, მისი განხორციელების მზადყოფნისა და აღსრულების ფორმების შესახებ. ჩვენ ჩვენი ამოცანა და სურვილი სრულად განვმარტეთ. შემდგომ ვიმოქმედებთ კონკრეტული ნაბიჯებიდან და განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე", – განაცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებთან.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავიამიმოსვლის აღდგენისა და რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ოფიციალური კომენტარი გამოაქვეყნა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით 2019 წლის ზაფხულიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.