პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია პროპაგანდა, რომელიც ბავშვებს წამლავს.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს – ოჯახურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, მაგრამ ამავე დროს არავის დისკრიმინაცია არ ხდება, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასეთი რეაქცია ჰქონდა ღარიბაშვილს ოპონენტების ბრალდებაზე იმის თაობაზე, რომ მან უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლოტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პრემიერი ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და „რუსულ გზავნილებს“.

„მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში არავის დისკრიმინაცია არ ხდება და ეს გარანტირებულია კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონით.
„მე ვთქვი მთავარი: ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ესაა 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროვოკაციების მიუხედავად საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით - პრემიერი>>
ამავე დროს პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა პროპაგანდით.
„თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ესაა პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტის კითხვა, ნიშნავს თუ არა ღარიბაშვილის განცხადებები უნგრეთში კონფერენციაზე, რომ ის მხოლოდ უმრავლესობის პრემიერია.
ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოს პრემიერისგან>>
ღარიბაშვილმა ამას უწოდა „კლასიკური მაგალითი, როგორ ამახინჯებენ რეალობას ჟურნალისტები“ და მათ მოუწოდა, საზოგადოებას ფაქტებით ესაუბრონ, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.
„მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას მიმდინარე მოვლენების შესახებ.