თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა – საგამოძიებო ღონისძიებები ე.წ. ქოლ-ცენტრის მუშაობის შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე დაიწყო.
დალუქულია ერთ-ერთი ოფისი, საიდანაც მტკიცებულებების სახით ტექნიკა ამოიღეს. გარდა ამისა, მთლიანად დაილუქა შენობის მესამე სართული, სადაც საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
საინფორმაციო საშუალებები საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შენობას ჰყავს რამდენიმე მფლობელი, რომელთა შორისაა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე.
დავით ვაშაძემ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ მას არანაირი შეხება არ აქვს იმ ოფისთან, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული, ასევე არ აქვს ინფორმაცია, ვინ იქირავა შენობის მესამე სართული.
„მეორე სართულზე სასტუმროა, რომელიც არის ჩემი. ამ შენობაში ჩემი წილი 25%-ია და ეს 25% სასტუმროს მეორე სართულია", – განაცხადა დავით ვაშაძემ ჟურნალისტებთან.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრის მფლობელები არიან გიორგი ვაშაძე და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. შენობაში შესაღწევად სამართალდამცველებს სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდათ.
ქოლ-ცენტრების საქმე
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის თაობაზე საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა ВВС-მ. ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
„ქართული ოცნების" მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ იმ კრიმინალურ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს“. ოპოზიციის განმარტებით, შეუძლებელია, რომ სუსს არ შეემჩნია დედაქალაქში საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა.
საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე განახორციელა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.