დანიაში ფიროსმანის შემოქმედებას ეცნობიან

დანიის შემდეგ ფიროსმანის ტილოები შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოიფინება.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
გამოფენის სტუმრები იხილავენ ფიროსმანის 48 ნამუშევარს, საიდანაც 47 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან არის.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დანიის შემდეგ ფიროსმანის ტილოები გამოიფინება შვეიცარიის ქალაქ რიენის ბეილერის ფონდის მუზეუმში – 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით.
მსოფლიოში აღიარებული მხატვრის 50-მდე ორიგინალური ნამუშევარი კოპენჰაგენში სპეციალური პირდაპირი რეისით ჩაიტანეს. ჩატანილი ტილოები რესტავრატორებმა გახსნეს და შეამოწმეს – ტრანსპორტირების დროს არცერთი ნამუშევარი არ დაზიანებულა.
უფრო ადრე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა რომ ბეილერის ფონდის მუზეუმმა მადლობის ნიშნად, რომ ევროპაში ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნობიან, საქართველოში თავისი რესტავრატორები მოავლინა. ფიროსმანის თითოეულ ტილოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარდა. გამოფენებზე გაიგზავნა ის ნამუშევრები, რომლებიც ტრანსპორტირებას ექვემდებარება.
ევროპაში ფიროსმანის ნახატების გამოფენები გაიმართება>>
გარდა ამისა, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი მულტიმედიური ვებ-გვერდი, რომელიც ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნება.
ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოფენის შემდეგ ტილოები საქართველოს დაუბრუნდება.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.