საქართველო და ისრაელი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჰაიმ კაცმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დარჩიაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან, ეკონომიკის მინისტრ ნირ ბარკატთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენთან. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ხელი მოაწერა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას.
საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადებიან>>>
ისრაელის ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ისრაელიდან 210 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2023 წლის პირველ კვარტალში ამ რიცხვმა 44,8 ათასს მიაღწია.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.