თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს თვეებში ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას ელოდება, რაც უზრუნველყოფს მშპ-ის უფრო მაღალ ზრდას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს მთავრობა 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს. სწორედ ამ მაჩვენებლის საფუძველზე მომზადდა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა კვლავ მდგრადია.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა - პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,2% შეადგინა.