ქართული ლარი 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელს დაუბრუნდა - რა იქნება მომავალში?

© photo: Sputnik / Stringerდოლარის და ლარის კუპიურები
დოლარის და ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
ექსპერტმა დაასახელა ოთხი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე მოქმედებს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარება უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 28 აპრილისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4991 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. ბოლოს დოლარის კურსი 2,5 GEL/$1 დონეს 2018 წლის 10 აგვისტოს ჩამოსცდა. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 7,4%-ით გამყარდა.

„ეს მოსალოდნელი იყო და, უფრო მეტიც, ეს არ არის ზღვარი. დიდი ალბათობით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ქართული ვალუტის გამყარება უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება. ეს განპირობებულია საქართველოს ეკონომიკის ზრდით", – განაცხადა არჩვაძემ.

ექსპერტის აზრით, ლარის გამყარებაზე ოთხი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი; ტურიზმის ზრდა; საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოდან საქონლის უფრო სოლიდური წარდგენა; საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის ზრდა.
„მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო დამაჯერებულად იზრდება. მარტში ჩვენი ექსპორტი თითქმის მესამედით გაიზარდა. მართალია, ჩვენი ექსპორტის ნახევარზე მეტი რეექსპორტზე მოდის, მაგრამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა არჩვაძემ.
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს – მარტის სტატისტიკა>>>
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს შემოსავალი ტურისტული სერვისების ხარჯზე გაიზარდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობაზე უფრო სწრაფად იზრდება.
„ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში უფრო მეტხანს რჩებიან და მეორეც, ისინი უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა არჩვაძემ.
მისი თქმით, ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე და თავის მხრივ ლარის გამყარებაზე.
ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
საქართველო ციფრებში
2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა. საშუალოდ პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,2% შეადგინა.
2023 წლის მარტში ექსპორტის ზრდამ შეადგინა 32,9%, პირველ კვარტალში კი 24,7%.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურებიდან 102%-ით გაიზარდა და 795,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს 37,5%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში ტურიზმის პიკი იყო.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი ჯერ კიდევ ვერ მიაღწია პანდემიამდელ რეკორდულ მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მარტში ეს მაჩვენებელი 1,2 მილიონი იყო, ანუ 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი მხოლოდ 74,7%-ით აღდგა. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 109,6%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0