თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ლობისტური კომპანიის საქმიანობა, რომელიც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, მიმართულია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, საერთაშორისო მასმედიაში სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია. სტატიები საერთაშორისო მასმედიაში მოამზადეს და გაავრცელეს კომპანიებმა Akerman LLP და GlobalPoint, რომლებთანაც მანამდე კონტრაქტი გააფორმა სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.
„ლობისტური კომპანიების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა... პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაკავება, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სააკაშვილის „შემოგორება“ საქართველოში, შემოტანა, როგორც „განუბაჟებელი ტვირთის“, ეს თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით.
„დაგეგმილი იყო, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ჩაუვარდათ, რადგან ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე“, – აღნიშნა კალაძემ.
ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს სააკაშვილს არა აქვს ის, რაც პატიმარს ეკუთვნის, სიცრუეა, განაცხადა კალაძემ.
„ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობენ, უპირველესად, ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა მან.
დოკუმენტებს შორის, რომლებიც ლობისტურმა ორგანიზაციამ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გაუზიარა, არის სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ იმ ექიმების დასკვნები, რომლებიც ლობისტურმა კომპანია Akerman LLP-მ დაიქირავა.
აღნიშნული დასკვნები სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე 2023 წლის 23 იანვრიდან საქართველოს ხელისუფლების დასკვნების საპირწონედ მომზადდა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მასალები ამტკიცებს, რომ დასკვნები ლობისტური კომპანიის თანამშრომლების დაკვეთით და მათთან შეთანხმებით მომზადდა.
ლობისტები და სააკაშვილი
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ Akerman LLP-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ის მისი ვაჟის გათავისუფლების საქმეში დახმარებოდა.
სააკაშვილის საქმეს 2022 წლის ივლისიდან კომპანიის წარმომადგენელი მასიმო დ’ანჯელო უძღვებოდა.
კომპანია Akerman LLP-სთვის გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ, 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც გამოიკვლიეს სააკაშვილი და მოამზადეს დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ექსპერტებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.
კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".