თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში ორგანოთა გადანერგვის პროცედურების გასამარტივებლად ახალი კანონმდებლობა შეიქმნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და პარლამენტში მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
გაბუნიას თქმით, არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე.
„ეს ქმნის რეალურად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების, სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაციის სერვისი“, – განაცხადა გაბუნიამ ბრიფინგზე.
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს – თანამონაწილეობით. პროგრამა ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.
ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია აჭარაში 2013 წელს ჩატარდა. მაშინ ეს ოპერაციები მხოლოდ აჭარაში კეთდებოდა. დღეს პაციენტებს, რომლებსაც ადრე მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ, უკვე შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ქართულ კლინიკებში მიიღონ.