რომელ ქვეყნებში უმკურნალებენ სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვებს - ჯანდაცვის სამინისტრო

სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ესპანეთი, თურქეთი და ისრაელი – ის ქვეყნებია, რომელთა კლინიკებთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებდა სახელმწიფო პროგრამის დაწყებამდე, რომლის თანახმად, სიმსივნის დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი უფასოდ იმკურნალებს მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოებში, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.
პრემიერი: ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს >>
გაბუნიას სიტყვებით, საუბარია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ამ კლინიკებში ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი სამედიცინო სერვისების – როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის სრული სპექტრი.
ონკოპაციენტები ისარგებლებენ ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სერვისებით, როგორიცაა პროტონული თერაპია, ასევე მეტი სიზუსტის ქიმიოთერაპია, ექნებათ წვდომა მაღალტექნოლოგიურ ქირურგიულ ჩარევებზე.

„ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია სამინისტროს პრიორიტეტია. შარშან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა „იხილოვის კლინიკასთან“ (ისრაელი), თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე ესპანეთთან. ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასრულებულია პროექტზე მუშაობა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს ყოველწლიურად 150 ბავშვს უსვამენ. მაღალტექნოლოგიური პროცედურები ამ ბავშვების გადარჩენის შესაძლებლობაა, აღნიშნა გაბუნიამ.
„ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით სერვისებს, თუმცა ეს სერვისი იქნება გადარჩენა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ონკოსერვისების გაძლიერებას საქართველოშიც. უწყება იმუშავებს პარტნიორ კლინიკებთან, რომლებიც ქართველი ექიმების გადამზადებაში დაეხმარებიან.
ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.