პრემიერი: ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს

© photo: Sputnik / Barbara Gertier / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის წინ.
დღეისათვის საქართველოში 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვია. ამჟამად სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობისთვის თანხის ნაწილს აფინანსებს. ამ მიზნებისთვის მთავრობის მიერ წელიწადში გამოყოფილია დაახლოებით 10 მლნ ლარი. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის შექმნილი ყველა პირობა იმისთვის, რათა პაციენტებს სრულყოფილი და კარგი სტანდარტის, მაღალი ხარისხის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ", – განაცხადა პრემიერმა.

უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსების საკითხი თავის თავზე აიღოს, განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მლნ ლარი გამოიყოფა, დასძინა პრემიერმა.
მთავრობა დაფარავს ყველა საჭირო ხარჯებს, იქნება ეს მკურნალობისა თუ ტრანსპორტირების და საცხოვრებლის ხარჯები, განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ მისი ინიციატივით „სოლიდარობის ფონდი“ შეიქმნა, რომლის ბიუჯეტმა 25 მილიონი ლარი შეადგინა. ფონდის დახმარებით შესაძლებელი გახდა 1 ათასი ბენეფიციარის მკურნალობის დაფინანსება.

„საქართველოში არც ერთ ბავშვს, არც ერთ ოჯახს არ ექნება პრობლემა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას ვუმკურნალებთ მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო კლინიკებში", – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში სოციალური ქსელებისა და ტელევიზიების დახმარებით ხშირად აგროვებენ თანხებს ონკოდაავადების მქონე ბავშვების სამკურნალოდ. სწორედ აღნიშნული თანხით ახერხებენ მშობლები შვილების ძვირადღირებული მკურნალობის ნაწილის გადახდას.
ყველა ახალი ამბავი
0