UNICEF: მოსწავლეთა მშობლები საქართველოს სკოლებში განათლების ხარისხით კმაყოფილი არიან

საქართველოს სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები კმაყოფილი არიან სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებით, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მყოფი ბავშვების 93,6%-ის მშობლები ან ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან სკოლამდელი განათლების ხარისხით.
ამასთან, მოსწავლეთა 79,7%-ის მშობლები ან ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით, ნათქვამია კვლევაში.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე განათლების ხარისხის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
საქართველოში ბავშვების მესამედის ელემენტარული საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული>>>
მაგალითად, მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 მლრდ ლარს აღწევს და რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების წყალობით საქართველოში 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს ახალი საგანმანათლებლო რესურსებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მასწავლებლების ხელფასი 44%-ით გაიზარდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 2.302 სკოლაა, საიდანაც 2.086 სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.
კვლევა 2022 წელს ჩატარდა. გამოიკითხა 1.279 რესპონდენტი, რომლებმაც მკვლევარებს 2.438 ბავშვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.