ჯობს მალე გავიდეს ქართული პოლიტიკიდან - ოპოზიციონერი დეპუტატი კეზერაშვილზე

ეჭვები თუ დადასტურდა, აღმოჩნდება, რომ მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თუ დადასტურდება, რომ მთელი ოპოზიცია და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, ეს რეპუტაციულად ყველას დაანგრევს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ, როდესაც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე გააკეთა კომენტარი, სადაც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზეა საუბარი.
ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრების“ დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს“.

„ეჭვების დადასტურების შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, რაც, თავისთავად ცხადია, რეპუტაციულად ყველას დაანგრევს. ამიტომ ჯობს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს კეზერაშვილის გასვლის პროცესი ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და ის ოლიგარქია.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
„ქოლ–ცენტრების“ გახმაურებული საქმე – საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა>>
მმართველ პარტიაში აშშ-ს მოუწოდეს, სანქციები დაუწესონ კეზერაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს ქართულ ოპოზიციაზე, მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხარჯავს.
თავად კეზერაშვილმა უარყო თავისი მონაწილეობა საერთაშორისო თაღლითურ სქემაში, რაზეც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია ლაპარაკი.
სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
ოპოზიციონერი დეპუტატი - კეზერაშვილისგან დისტანცირებაა საჭირო>>
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის“ ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან. ეს კომპანიები ჯერ კიდევ „მილტონის ჯგუფის“ შექმნამდე არსებობდა.
დეპუტატი: კეზერაშვილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანია>>
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე“ არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის“ მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი“ სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
სკანდალი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირგვლივ: კეზერაშვილი ქოლ-ცენტრებთან კავშირს უარყოფს>>
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.