საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტი სიცრუეში დაადანაშაულა

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სიტყვიერი თანხმობა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიიღო, მას შემდეგ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობის გაცემის პროცესი, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
13 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 აპრილისთვის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
„ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს ასევე გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტის ჩაშლაში მთავრობა დაადანაშაულა >>
ამასთან ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მთავრობას ადრეც გაუცია თანხმობა ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც ეს იყო 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა.
31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და აპრილის შუა რიცხვებში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს პროცესში და ხელი შეუწყოს ერთობლივ და კონსოლიდირებულ მუშაობას, რათა ერთობლივად იქნას მიღწეული ისეთი რეალური შედეგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
საქართველოს პრეზიდენტი: ქვეყნის იმიჯია გამოსასწორებელი >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.