თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბერლინის საგამოფენო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა დირკ ჰოფმანმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნეს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ურყევი მხარდაჭერისთვის, რამაც 2023 წელს საერთაშორისო ტურისტული გამოფენა წარმატებული გახადა.
საქართველომ საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin-ზე, რომელზეც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, სრული ფურორი მოახდინა. ღონისძიება გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო.
სამადლობელო წერილში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 2023 წელს პირველად გაიმართა.
გამოფენა კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ღონისძიების სტუმრების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობაში.
გამოფენის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე საქართველოს თვალწარმტაცი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა მთელი თავისი მშვენიერებით იყო წარმოდგენილი.
„ეს სანახაობა წარუშლელ შთაბეჭდილებად ექცა უკლებლივ ყველა მნახველს და ბევრს გაუჩინა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. უნიკალური და საოცარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქვეყნის წარმოჩინებაში თქვენი წვლილი ნამდვილად იმსახურებს საქვეყნო ქებას", – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბერლინის საერთაშორისო გამოფენის ხელმძღვანელობა ამაყობს საქართველოსთან თანამშრომლობით. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველი იქნება.
„ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა ერთად მივაღწიოთ დიდ საქმეებს“, – ნათქვამია წერილში.
ITB Berlin-ზე საქართველომ წარმოადგინა ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, გაიმართა ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილებისა" და საქართველოს სიმფონიური ორკესტრის, ასევე ანსამბლ „რუსთავის" კონცერტი.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წარდგა სლოგანით „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".
საზეიმო გალა-კონცერტს 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო. გამოფენის საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნენ. ღონისძიების სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ITB Berlin 2023-ზე საქართველოს პავილიონი
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართა.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები ჩატარდა, წარმოდგენილი იყო აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაციამ გახსნა პანელური დისკუსია „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.