შეუსრულებელი მისია, ანუ როგორ გაანადგურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ოპოზიციის გეგმები

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეცვალეს, უფრო სწორად, მათ მოუწიათ პოზიციის შეცვლა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომელზეც სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის გამოძიების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო.
საკითხებს შორის, რაც საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, არის სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობა, უკანონო გავლენის სავარაუდო ფაქტები, კორუფცია და ნეპოტიზმი.
11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორშაბათს, დილით 46-მა დეპუტატმა მიმართა. თუმცა მოულოდნელად დღის ბოლოს ოპოზიციამ კვლავ მიმართა ზურაბაშვილს, ოღონდ ამჯერად იმ მოთხოვნით, რომ სამშაბათს რიგგარეშე სხდომა არ მოეწვია.
„გვინდა კენჭისყრა მაშინ გაიმართოს, როდესაც ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით, რადგან შეიქმნა ასეთი გაურკვეველი, დაუგეგმავი სიტუაცია“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე.
სანქციები თუ შეზღუდვები - ელჩმა მოსამართლეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დააზუსტა>>>
საქმე ისაა, რომ როგორც ბოლო მომენტში გაირკვა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე პოლონეთში გაემგზავრნენ. შედეგად, ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების საკმარისი რაოდენობა არ ექნებოდა.
„აღნიშნული საკითხი დარეგისტრირებულია და მას მხოლოდ კენჭისყრა სჭირდება. კომისიის შექმნას მხარი შეგვიძლია დავუჭიროთ მომავალ კვირაში მორიგ სხდომაზე“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ.
კრიტიკა და თავის მართლება
ყოფილი თანაპარტიელების მოქმედება მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, „ეს უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა“.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში გადამწყვეტია ყველა ხმა. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ხმის და მანდატის მიმართ საზოგადოებას აგრძნობინებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნდობა არ შეიძლება და ასეთი საქციელი საზიანოა მთლიანად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე>>>
თავად ადრესატები კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. როგორც ხაბეიშვილმა დაწერა, პოლონეთში მისი ვიზიტი ათი დღის წინ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი. პოლიტიკოსის თქმით, 12 აპრილს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა გადაეცეს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს პრემია“ – თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. პოლიტიკოსი სწორედ ამიტომ გაემგზავრა პოლონეთში.
„ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და, შესაბამისად, უმარტივესად შეეძლოთ ეს ენახათ იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა“, – დაწერა ხაბეიშვილმა.
თავის მხრივ, ანა წითლიძემ ოპოზიციურ კოლეგებთან კომუნიკაციის პრობლემის არარსებობა აღიარა.
„საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ნამდვილად არ ვიყავი ინფორმირებული. ვფიქრობ, ეს კომუნიკაციის პრობლემაა, მეგობრებო. ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა სხვაზე გადაბრალება“, – დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში.
მისია შეუსრულებელია
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანია ისტერიკული ფონის შექმნა და ამ ისტერიკული განცხადებების ორომტრიალში საქართველოს პრეზიდენტის ჩართვა.
ვითხოვთ მტკიცებულებებს - წულუკიანი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე>>>
„ისინი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში როგორმე რყევები იყოს. რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაც ემსახურებოდა ამ მიზანს – ისტერიკული ფონის შექმნას. ეს გაერთიანება, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, ზოგადად, ეკლექტურია და, ვფიქრობ, საკმაოდ რბილად ვაფასებთ, რადგან ეს ექსტრემისტული შინაარსის და პათოსის გუნდია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია გარკვეული გარემოებების გამო ვერ შეთანხმდა.
„ვფიქრობ, მათი ამოცანები შეუსრულებელია, ვინაიდან საზოგადოება აღარ მოტყუვდება. საქართველოში გაცილებით უფრო მაღალია ინტელექტუალური დონე, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისათვის 56 ოპოზიციონერი დეპუტატია.
მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალი
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში მას შემდეგ წამოაყენეს, რაც შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას, და ერთ ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა>>>
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო ასრულებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო შეზღუდვების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.