აჭარამ საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო

ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება, აღნიშნეს აჭარის მთავრობაში.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის უწყებათშორისი სამუშაო შეხვდა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„2023 წლის საზღვაო სეზონის წარმატებით ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა უწყების სრული კოორდინაცია“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა უწყებებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება დაავალა.
„ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია – 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2023 წელს აჭარაში აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება >>
აჭარაში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის პარალელურად რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. აჭარა წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან და რეპუტაციის მქონე ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები, ნათქვამია ინფორმაციაში.
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში ზაფხულის ფესტივალით იხსნება. ფესტივალი იმართება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“.