თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდგომი ბედი კლინიკის განახლების პროექტზე საბოლოო დასკვნის მომზადების შემდეგ გადაწყდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოს შენობის ძველი ნაწილის დანგრევას და იმავე ადგილზე ახალი შენობის აშენებას გეგმავს. ამ სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა ნაწილი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, ხოლო ვინც ვერ დასაქმდება, ხელფასს მაინც მიიღებს. დაპირებების მიუხედავად, საავადმყოფოს ექიმები უმუშევრად დარჩენის მოლოდინში არიან და შენობის დემონტაჟს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს.
„პირველადი შეფასებით და დასკვნით, რაც გვაქვს, შეიძლება წინა ნაწილის მხოლოდ საოფისედ გამოყენება, თვითონ კლინიკის და ექიმების საოფისე ფართებად შეიძლება, გამოგვეყენებინა და მეორე ნაწილი სრულ დემონტაჟს ითვალისწინებდა. ეს დასკვნები როცა იქნება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ხარჯების ეფექტურობაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, საბოლოო დასკვნა ერთ-ერთ მთავარ კითხვას გასცემს პასუხს - რამდენად გონივრულია გასულ საუკუნეში აშენებული ძველი შენობის რემონტისთვის უზარმაზარი თანხების დახარჯვა.
„რამდენად მიზანშეწონილია, ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ 50 წელზე მეტხნიან შენობაში, სადაც, მინიმუმ, 25-30-წლიანი ინვესტიცია უნდა იყოს... ასევე, ვადების ნაწილშიც გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ამის რეკონსტრუქციას, თან გაცილებით მეტ თანხასთან ერთად. მიზანშეწონილობაზე და ხარჯეფექტურობაზე ყველა ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ნაწილობრივ რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის არსებობა, რომელიც დააკმაყოფილებს თუნდაც ერთ-ერთ სტანდარტს, რაც კლინიკებს 2025 წლიდან მოეთხოვებათ.
აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში იგეგმებოდა ბავშვთა ონკოლოგიის დამატება, მაგრამ ისრაელიდან ჩამოსულმა დელეგაციამ რამდენიმედღიანი დათვალიერების შემდეგ კლინიკის ამ პირობებში პროცესში ჩართვაზე კატეგორიული უარი თქვა და პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აშენება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის დასაქმებაზე და მათთვის, მინიმუმ, დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, რაც ხელშეკრულებებით იქნება გარანტირებული, რაც, მისი აზრით, იდეალური შეთავაზებაა.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დემონტაჟი არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.