თბილისი, 28 მარტი — Sputnik. კამპანიას ტელეარხ POSTV-ს წინააღმდეგ არაფერი აქვს საერთო ქალთა უფლებების დაცვასთან – ის სუფთა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მასმედიის განადგურებისკენ, ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ტელეარხი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილმა ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ კვლავ წამოსწია სექსუალური შევიწროების თემა ცნობილი ტელეწამყვანისა და POSTV-ს ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მხარი დაუჭირა სამხარაძეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლად აღიარეს, და საქართველოს ხელისუფლება ქალებზე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამცველი (როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა მისი ინაუგურაციის დღეს განაცხადა), ის ბოლო დროს მხოლოდ ომის პარტიის წარმომადგენლების დამცველად გვევლინება", – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ომის პარტიას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრიფინგზე პრეზიდენტი ლაპარაკობდა, რომ დაუშვებელია ძალადობა ქალთა მიმართ და არც კი უხსენებია POSTV-ს ჟურნალისტ ქალზე ნათია ბერიძეზე ძალადობა „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის დიმიტრი ჩიქოვანის მხრიდან, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ ფაქტზე ასევე დუმან როგორც ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ისე მეგობარი ქვეყნების საელჩოები.
„ეს არის ორმაგი სტანდარტისა და შერჩევითობის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც არათუ უზრუნველყოფს ქალთა უფლებების დაცვას, პირიქით – ახდენს ქალების კიდევ უფრო მეტად სტიგმატიზებასა და სეგრეგაციას", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რაც შეეხება ჩიქოვანისა და სამხარაძის „კონსპირაციულ შეხვედრას", ტელეარხის ინტერესებში არასდროს ყოფილა მათი პირადი ურთიერთობები.
„ცხადია, რომ ახლა მიმდინარეობს თათია სამხარაძის ხელმეორედ მსხვერპლად „ინტრონიზაციის" კამპანია, ამჯერად უკვე POSTV-ს ქალი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების მოტივით, რითაც ცდილობენ დაგვაბულინგონ და ხელი აგვაღებინონ კითხვაზე – რას აკეთებდა თათია სამხარაძე კეზერაშვილის მარჯვენა ხელთან ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში სამი დღისა და ორი ღამის განმავლობაში", – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ POSTV-ს ჟურნალისტებს ადგილზე მუშაობის დროს კანონი არ დაურღვევიათ.
სამხარაძემ ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიპყრო, სადაც POSTV-ში მუშაობის საფრთხეებზე წერდა. სამხარაძემ დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი სამუშაოს ახალგაზრდა ქალ მაძიებლებს იტყუებდა, შემდეგ კი სექსუალურად ავიწროვებდა მათ.
მალე ტელევიზიის დირექტორს POSTV-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოესარჩლა. მან სამხარაძე ტყუილში დაადანაშაულა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თათია სამხარაძე რამიშვილთან ერთად ცეკვავს.
მეტიც, ბერიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" დამფუძნებელია. ბერიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის ცოლისძმა ირაკლი ჩიქოვანი სამხარაძეს შეჰპირდა თანხას რამიშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორებისთვის.
სამხარაძის თქმით, ტელეკომპანია POSTV-ს გადამღები ჯგუფი მის სახლთან მორიგეობს და მოსვენებას არ აძლევს. ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხარაძე მატყუარაა, განაცხადა, რომ სამხარაძის სახლთან არანაირი გადამღები ჯგუფი არ იმყოფება, მხოლოდ ერთი ჟურნალისტი მივიდა კითხვის დასასმელად და მალევე წავიდა.
ჩიქოვანი POSTV-ს წინააღმდეგ
ამავე დროს, ჩიქოვანი და მისი ადვოკატი ბექა ბასილაია აპირებენ მიმართონ საქართველოს პროკურატურასა და შსს-ს. მათი მთავარი პრეტენზია POSTV-ს მიმართ ცრუ დასმენაა. ინციდენტი 24 მარტს მოხდა, მას შემდეგ, რაც ნათია ბერიძემ „112"-ში დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, შესაძლოა, სამხარაძე მოიტაცა და ის თავის სახლში უკანონოდ ჰყავს.
ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა და ჩიქოვანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა, ოპოზიციური მედიასაშუალებების ინფორმაციით, მათ ვერაფერი იპოვეს, POSTV-ს ვერსიით კი იპოვეს კარადაში დამალული გოგონა.
„ჩემს სახლში 24-25 მარტს მომხდარ პროვოკაციულ ინციდენტთან დაკავშირებით აუცილებლად მექნებოდა სამართლებრივი რეაგირება. მე გავიარე კონსულტაციები ჩემ ადვოკატებთან და შევიტანთ სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში POSTV-ს წინააღმდეგ", – განაცხადა ჩიქოვანმა ბრიფინგზე.
განცხადება გააკეთა ასევე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს რეაგირება სთხოვა.
„ეს იყო ბინის მფლობელის უფლების დარღვევის მცდელობა უკანონოდ და, ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენა, როდესაც დიმა ჩიქოვანს ცილი დასწამეს უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა მასზე. არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები", – განაცხადა ბასილაიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მმართველი ძალა, ერთი მხრივ, თავს იწონებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, მეორე მხრივ კი დამნაშავეს ახალისებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი. მათ შორის, ქალებიც, რომლებსაც „საზოგადოების სახის პრეტენზია" გააჩნიათ, სამარცხვინოდ ქილიკობენ სავარაუდო მსხვერპლზე და „გაუმართლებელს ამართლებენ".
პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მას დახმარებისთვის თავად ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ მიმართა.
ამის საპასუხოდ დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება ფარისევლურია და მან დიდი ხანია დაკარგა ობიექტური პოზიცია.