რატომ გაიზარდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი?

ეროვნულ თუ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები ძვირდება, მცირდება დაკრედიტების ზრდის ტემპი, ანუ საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა იკლებს. რა არის მიზეზი და როგორ განვითარდება მოვლენები საკრედიტო ბაზარზე უახლოეს მომავალში?
Sputnik
წინამდებარე სტატიაში ქვეყნის საკრედიტო ბაზარზე არსებულ ვითარებას მიმოვიხილავ და, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში პროცესების შესაძლო განვითარების პროგნოზირებასაც ვეცდები.
დარწმუნებული ვარ, სტატიის სათაურის გაცნობის შემდეგ არ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ყურადღებას საკრედიტო რესურსების პროცენტებზე გავამახვილებ. არახალია, საბანკო სექტორისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლებისთვის მთავარი გამოწვევა უკვე გაცემულ სესხებზე და საკრედიტო რესურსზე მზარდი საპროცენტო განაკვეთებია.
სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ – უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კვლავაც გაძვირდა და საშუალოდ 8 პროცენტი შეადგინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა 3-4 პროცენტით მოიმატა. კი, მაგრამ, რატომ? − ჩამეძიება მკითხველი. განვმარტავ: როგორც საბანკო სფეროსა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების გაძვირების მთავარი მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა. მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდი ინფლაციის მოსათოკად სახელმწიფოთა ცენტრალურმა ბანკებმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთები საგრძნობლად გაზარდეს და ამით მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს. შედეგად, ფული, უფრო კონკრეტულად, კრედიტი გაძვირდა.
რატომ მცირდება ინფლაცია და რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას?
გასული ერთი წლის განმავლობაში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების გაძვირების მიზეზად საქართველოს საბანკო ასოციაციაშიც ამერიკის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებენ. იქ განმარტავენ, რომ გასული წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტიდან ეტაპობრივად ჯერ 4,5 პროცენტამდე, ხოლო რამდენიმე დღის წინ კიდევ დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთი 4,75–5,0 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრა. ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. ამავე დროს აშშ-ის საფინანსო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით რეფინანსირების განაკვეთს არა 25 პუნქტით, არამედ 50–75 საბაზო პუნქტის ფარგლებში გაზრდიდა. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ითქვა, რომ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ფედერალურ სარეზერვო სისტემას პოზიციის გადახედვა აიძულა.
რამდენით შემცირდა თებერვალში წლიური ინფლაცია?
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემას არ ჩამორჩა ევროპის ცენტრალურ ბანკიც, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 0 პროცენტიდან 3,5 პროცენტამდე გაზარდა. აშკარაა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. შესაბამისად, საქართველოს კომერციულ ბანკებს საერთაშორისო საკრედიტო ბაზარზე ფინანსური რესურსი გაუძვირდათ, რამაც ავტომატურად სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოიწვია.
საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე პროცენტის ზრდის ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
„უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების პროცენტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტენდენცია იქნება მსოფლიო საკრედიტო ბაზარზე, რომელიც, თავის მხრივ, მყისიერად რეაგირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე, პირველ რიგში კი ინფლაციურ პროცესებსა და მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრის ხარისხზე. მოგეხსენებათ, ინფლაცია კვლავაც მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც მონეტარული პოლიტიკის შერბილების, ანუ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას არ გვაძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის არათუ დაკლების, არამედ გაზრდის მოლოდინი უნდა გვქონდეს. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ამჯერად არსებული საპროცენტო განაკვეთი დარჩეს“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.
რა არის და რა იქნება? ანუ ეკონომიკური ზრდის აწმყო და მომავალი
საპროცენტო განაკვეთი მაღალია ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 18 პროცენტია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნულ ვალუტაში სესხების გაძვირების ძირითადი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის 8,5 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზრდაა. ამავე დროს ბოლო პერიოდში საქართველოში ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა, ზედიზედ სამი თვის განმავლობაში კლების დინამიკა დაფიქსირდა და მოლოდინიც პოზიტიური ჩამოყალიბდა. შედეგად, ანალიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას თანდათან შეარბილებს, რაც ლარში როგორც უკვე გაცემული, ასევე გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
„ინფლაცია რამდენიმე თვეა მცირდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3 პროცენტს მიუახლოვდება, ეს კი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობას მისცემს. ეს ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში აისახება“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძე.
ვინ რას ტირის და ვისი ცრემლების დაიჯერა მთავრობამ?
საინტერესოა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის პოზიცია. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 29 მარტს გაიმართება. როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ინფლაცია კლების ტენდენციას ინარჩუნებს, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. აბა, როდის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. მოკლედ ვუპასუხებ − დრო გვიჩვენებს. მანამდე კი კომერციულ საბანკო სექტორს საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნისა და, შესაბამისად, საკრედიტო პორტფელის შემცირების მოლოდინი უნდა ჰქონდეს.
საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნა შემცირდა და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთები არ დაიკლებს. საბანკო ასოციაციის ამ შეფასებას ეროვნული ბანკის ანალიტიკური მონაცემებიც ამყარებს. მხოლოდ ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით სესხების წლიურმა ზრდამ სულ 9,3 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15,4 პროცენტი იყო. საგულისხმოა, რომ კონკრეტული სექტორების მიხედვით დაკრედიტების ზრდის ტემპი ყველგან შემცირებულია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და მომსახურება, ენერგეტიკა, მრეწველობა, მშენებლობა თუ ტრანსპორტი. შემცირებულია იპოთეკური და სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის ტემპიც. წლიურად კლება საშუალოდ 3-დან 5 პროცენტამდე ფარგლებშია.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სიახლეებით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი