რამდენით შემცირდა თებერვალში წლიური ინფლაცია?

© Sputnik / Alexander Imedashviliკოტე აფხაზის ქუჩა თბილისში
კოტე აფხაზის ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
პოზიტიური ტენდენცია გრძელდება, ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს ზედიზედ მესამე თვეა ჩამოცდა და შემცირებას განაგრძობს. როგორია თებერვლის ინფლაციური პროცესების დინამიკა და სტრუქტურა?
მალე, ძალიან მალე გარბის დრო. თითქოს გუშინ იყო, ორი წლის გასაყარზე ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის გასული წლის შედეგები რომ შევაჯამეთ. არადა, უკვე მარტის თვის პირველი დეკადა იწურება.
− რამე სხვას ელოდი, აბა რას იზამდა?! − ირონიული ტონით მიმანიშნებს მკითხველი და არც ვიცი, რა უნდა ვუპასუხო. რაკი ასეა, ჩავეძიები − თუ იცი, აქ და ახლა რისი დროა?
− რა თქმა უნდა, ვიცი, გასული თვის ინფლაციური პროცესის შეფასების − ბრძანებს მკითხველი და კვლავაც მართალი იქნება. ისღა დამრჩენია, მკითხველთან პოლემიკაში ფარ-ხმალი დავყარო და თხრობას შევუდგე.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თებერვლის თვის ინფლაციური პროცესების ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ იანვართან შედარებით წლიურ ჭრილში ინფლაციამ 1,3 პროცენტით დაიკლო და 8,1 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა.
ვიდრე გასული თვის ინფლაციის სტრუქტურას მიმოვიხილავთ, ურიგო არ იქნება ვნახოთ, როგორი იყო ინფლაციის დინამიკა უახლოეს წარსულში.
ჩვენი მკითხველისთვის არახალია, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის გლობალურ გამოწვევად მზარდი ინფლაცია იქცა, რაც, თავის მხრივ, ჯერ COVID-19-ის პანდემიით, ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტით გამოწვეულმა ღრმა ეკონომიკურმა რეცესიამ და გეოპოლიტიკურმა რყევებმა განაპირობა. ინფლაციის ზრდას კომპლექსურად ხელი შეუწყო ეკონომიკურმა კრიზისმა, მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების მატებამ. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების გაძვირება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ყოველივე ამას ინფლაციური წნეხის კიდე უფრო გაძლიერების ნეგატიური მოლოდინიც დაერთო, რის გამოც ინფლაციის ზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუქცევადი გახდა.
თბილისის ხედი მეტეხიდან - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
რა არის და რა იქნება? ანუ ეკონომიკური ზრდის აწმყო და მომავალი
გამონაკლისი არც საქართველო იყო. ჩვენში ვითარება 2021 წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა გახდა და 11,9 პროცენტი შეადგინა. მას შემდეგ მოყოლებული 18 თვის განმავლობაში ქვეყანა ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა.
გასულ წელს ქვეყანა ინფლაციის 13,9 პროცენტით შეხვდა. იანვარში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. თებერვალში ინფლაცია უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7 პროცენტი იყო. მარტში ინფლაციამ დაიკლო და 11,8 პროცენტი შეადგინა. მომდევნო ორ თვეში ინფლაციამ ზრდის ტენდენცია დაიბრუნა და აპრილში 12,8 პროცენტი, ხოლო მაისში 13,3 პროცენტი შეადგინა. ივნისის თვე შედარებით პოზიტიური გამოდგა, რადგან ინფლაცია შემცირდა და აპრილის მაჩვენებელს − 12,8 პროცენტს დაუბრუნდა. ინფლაციის მაჩვენებელმა ივლისშიც დაიკლო და 11,5 პროცენტს გაუტოლდა. შემცირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და იმ დროისთვის საუკეთესო შედეგი − 10,9 პროცენტი დაფიქსირდა. სექტემბრის თვეში ინფლაცია 11,5 პროცენტი იყო, ოქტომბერში − 11,6 პროცენტი, ნოემბერში კი 10,4 პროცენტი. დეკემბერში კი ფასების ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 9,8 პროცენტი შეადგინა. ასე რომ, გასული წლის განმავლობაში ინფლაცია 13,9–9,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
დარწმუნებული ვარ, საკითხში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულმა მკითხველმა იცის, რომ ინფლაციის დინამიკას საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლივი გავლენის ხარისხი განაპირობებდა. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია და აღარ ჩავუღრმავდები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაც, რომელიც 2021 წლის მარტიდან მოყოლებული 2022 წლის მარტის ჩათვლით საგრძნობლად გამკაცრდა და, დღეის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტს შეადგენს.
უახლოესი წარსულისა და მიმდინარე წლის თებერვლის ინფლაციური პროცესების ამსახველი მაჩვენებლების მარტივი შედარების საფუძველზე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ტენდენცია პოზიტიურია და 2021 წლის ივლისის თვიდან მოყოლებული პირველად ინფლაცია ზედიზედ მესამე თვეა, ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
ვის ვისი რამდენი მართებს და რატომ?
აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ეროვნულ ბანკსა და აკადემიურ წრეებში ინფლაციური პროცესების სწორედ ამგვარი სცენარით განვითარების პროგნოზები ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული კეთდებოდა. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ოპტიმისტური განცხადებები წლის ბოლოს ინფლაციის შესაძლო შემცირების, ხოლო 2023 წლის შემოდგომისთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების შესახებ. ამ ვარაუდს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც იზიარებდნენ. ისეთი პირი უჩანს, პროგნოზი მართლდება. ფაქტია, დინამიკა პოზიტიურია.
გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი.
იანვრის თვის მაჩვენებლებისგან განსხვავებით, ამჯერად რეიტინგს ფასების ზრდის 14,8 პროცენტით სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი უდგას სათავეში. აქვე მოგახსენებთ, რომ უკვე გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ეს ჯგუფი მუდმივად ხვდება რეიტინგის პირველ სამეულში. ოქტომბერში ის ყველაზე მეტად გაძვირებული სურსათისა და მომსახურების ჩამონათვალის სათავეშიც იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ ჯგუფში ფასების ზრდა გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ვიზიტორებისა და ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი მატების შედეგია. სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ჯგუფის წლიური ინფლაციის იანვრის მაჩვენებელი 14,7 პროცენტი იყო.
რეიტინგში მეორე პოზიცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს უკავია. თებერვლის თვეში ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი 14,0 პროცენტი იყო. ცალკეულ სახეობებზე ფასების ცვლის დინამიკა ასეთია: ბოსტნეული და ბაღჩეული 25,8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 21,0 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი კი 17,2 პროცენტით გაძვირდა. ყავა, ჩაი და კაკაო 14,5 პროცენტით არის გაძვირებული. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12,2 პროცენტით გაძვირდა. თევზეულის ფასმა 12,1 პროცენტით მოიმატა. ხორცი და ხორცის პროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირდა 10,2 პროცენტით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9,8 პროცენტითაა გაძვირებული. ამასთან, ხილისა და ყურძნის ფასებმა 0,3 პროცენტით დაიკლო. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების წლიურად მატების იანვრის მაჩვენებელი 15,0 პროცენტი იყო.
გაძვირების 12,4 პროცენტით რეიტინგის პირველ სამეულში საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფი ზედიზედ მესამედ მოხვდა. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 38,7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საცხოვრისის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 7,4 პროცენტით გაძვირდა. ამ ჯგუფში წლიური გაძვირების იანვრის მაჩვენებელი 13,1 პროცენტი იყო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული უკვე მეოთხე თვეა რეიტინგში მეოთხე პოზიცია სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფს უკავია. თებერვალში ინფლაციამ 12,2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი 12,1 პროცენტი იყო.
გაძვირების 10,1 პროცენტით ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეიტინგის პირველ ხუთეულში ზედიზედ მეორედ მოხვდა ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფი. ამ ჯგუფში წლიური გაძვირების იანვრის მაჩვენებელიც 10,1 პროცენტი იყო.
როგორ განაწილდა რეიტინგის მომდევნო პოზიციები? ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი გაძვირების 7,3 პროცენტით მეექვსეა, განათლების ჯგუფს ფასების ზრდის 7,2 პროცენტით მეშვიდე ადგილი უკავია. შემდეგ მოდის დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფი, სადაც ფასებმა წლიურად 4,5 პროცენტით მოიმატა. ტრანსპორტის ჯგუფში წლიური გაძვირება 2,6 პროცენტია. საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის ჯგუფში ფასები წლიურ ჭრილში შემცირებულია 7,2 პროცენტით, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, მაღალი ალბათობით, თურქეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტირების შედეგია.
რაც შეეხება პროგნოზებს, ის უცვლელია. კვლავაც არის მოლოდინი, რომ ინფლაცია კლების ტენდენციას შეინარჩუნებს და თანდათან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0