თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია ვალდეპენასში იმყოფება, რათა ესპანეთის სამეფოს გეოგრაფიული დასახელებების დაცვის სისტემას გაეცნოს.
ვიზიტის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული დასახელებების სისტემის განვითარებისთვის მოწინავე გამოცდილების გაცნობა და გაცვლა.
დელეგაციის შეხვედრა გაიმართა ესპანური ადგილწარმოშობის დასახელების ყველი „მანჩეგოს“ ასოციაციის მარეგულირებელ საბჭოში.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.
მარეგულირებელი საბჭოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ორგანიზაციის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნეს. პრეზენტაცია გაიმართა სერტიფიკაციის პროცედურის თითოეულ ეტაპზე, მათ შორის, სარეგისტრაციო განაცხადის მომზადების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და შეფასების შესახებ.
ასევე დეტალურად განიხილეს პროდუქტის წარმოების შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები და აკრედიტაციის შესანარჩუნებელი აუდიტორული ღონისძიებები. მონაწილეები ეწვივნენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ადგილობრივ საწარმოებს, სადაც გაეცნენ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მიმდინარე წარმოების პროცესს.