აზარაშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი გაიზრდება

სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენას მთავრობისა და პარლამენტისთვის უახლოეს დღეებში გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში.
„ამ ცვლილებებით ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასები ერთმანეთთან შეთანხმებით, რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ გაზარდეს.
„აღმოჩნდა, რომ ბაზრის რამდენიმე მოთამაშემ ონკოლოგიურ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა. შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე ოთხ და ხუთ კომპანიას ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საფასო სკანდალი: ჯანდაცვის სამინისტრო და ფარმაცევტული კომპანიები ბრალს ერთმანეთს სდებენ>>
როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და მას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაცია უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას. როგორც ასოციაციაში განაცხადეს, მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ბადებს ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა.
ამასთან ასოციაციამ განმარტა ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების მატების საკითხიც. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასებმა კლება დაიწყო და თებერვლის ჩათვლით ისინი „არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში“ იყიდებოდა, რათა მარაგებში არსებულ პრეპარატებზე ვარგისიანობის ვადის გასვლა თავიდან აერიდებინათ.
ფასები ონკოდაავადებულების წამლებზე უსაფუძვლოდ გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო>>
ამის პარალელურად 2022 წლის დეკემბერში თურქეთში, საიდანაც შემოდის მედიკამენტები, ფასები 36,77%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მარაგების ამოწურვის შემდეგ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას პრეპარატების გაზრდილ ფასად შეძენა მოუხდა. გამომდინარე აქედან, მანამდე არსებული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
ამასთან ასოციაციაში ხაზს უსვამენ, რომ ფასები თავდაპირველ ნიშნულამდეც კი არ გაზრდილა და ისინი პირვანდელ დიაპაზონში დარჩა.
სახელმწიფომ 2023 წლიდან დაიწყო ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ მაქსიმალური ლიმიტისა, რომლის ზემოთაც საქართველოში ამ მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება.