თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APR Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს ბენჯამინ ჩარჩს შეხვდა, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების მიმართულებით, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობა გეგმავს დარგის დაჩქარებულ განვითარებას, რისთვისაც უახლოეს 2-3 წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება მოზიდული. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მოწინავე პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და აღინიშნა, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის სანდო და სტაბილური ბიზნეს-პარტნიორია.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო.
APR Energy არის მსოფლიო ლიდერი სპეციალიზებული ენერგეტიკული გადაწყვეტილებების სფეროში. 2004 წლიდან კომპანიას აქვს დადასტურებული გამოცდილება 35-ზე მეტ ქვეყანაში მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების წარმატებით განხორციელების, ფლობისა და მართვის სფეროში ენერგეტიკული ტექნოლოგიების ფართო სპექტრში.
2020 წლიდან კომპანია არის Atlas Corporation-ის ნაწილი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.
კომპანია ფლობს მობილური გაზის ტურბინების ერთ-ერთ უდიდეს პარკს მსოფლიოში. მოკლევადიანი 30-მეგავატიანი პროექტებიდან გრძელვადიან 300-მეგავატიან ელექტროსადგურებამდე, APR-ის გუნდებს აქვთ სხვადასხვა ადგილებში ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უპრეცედენტო გამოცდილება.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობაზე.
ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის ის გაიზრდება თითქმის 70%-ით და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,8%-ით მეტი იყო.
საკუთარმა გამომუშავებამ 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
წყარო - საქართველოს მთავრობა