ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე

ქართველი ოპოზიციონერების მოსაზრებები ვადამდელი არჩევნების შესახებ ორად გაიყო.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეცდომა და ოპოზიციისთვის ხაფანგი უწოდა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით გამოვიდა. მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. თუმცა ექს-პრეზიდენტის ენთუზიაზმს პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს „ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა“, – დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.

ოპოზიციონერი ასევე განიხილავს მოვლენათა განვითარების ორ სცენარს. სცენარი 1. ევროკავშირი ანიჭებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, და მაშინ საქართველო გაიმარჯვებს.
„სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ამასობაში ოპოზიციური პარტია „გირჩი“ უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

„გაგვიხარდება, თუ ასეთი არჩევნები დაინიშნება. მესმის, რომ სხვა პარტიებს შესაძლოა ასეთი მზადყოფნა არ ჰქონდეთ. რიგგარეშე არჩევნები სწორი გზაა, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს, რადგან სხვების ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა.

საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ყველა არაა თანახმა >>
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა არჩევნებს არ უნდა შეხედონ, როგორც ოპონენტის განადგურების საშუალებას.

„ქართული ოცნება“ მოიგებს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. „ქართულ ოცნებას“ ახლაც აქვს უმრავლესობა და ამაზე უარესი შედეგი ხომ არ დადგება. საბოლოო ჯამში გაუმჯობესების შანსი მაინც ჩნდება“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.
საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას >>
გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.