თბილისი, 21 მარტი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა სამუშაო ლანჩზე, რომლის ინიციატორი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იყვნენ.
„შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასევე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის ივნისში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიარონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.