საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - მინისტრი

წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დროს წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნის თარიღს გამოაცხადებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია შეისწავლის ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს. მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად საქართველო დღემდე ევროპის ლაბორატორიებს მიმართავს, რაც დაკავშირებულია დროსთან და გარკვეულ ფინანსურ ხარჯთან.

„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

როგორც ამას წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კოეფიციენტი მათი ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.