საქართველოში სტაციონარული დაწესებულებებისთვის ახალი წესები დამტკიცდა

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფას, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ კორპუსებში მდებარე ობიექტებზე აღარ გაიცემა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა სხდომაზე ორშაბათს განიხილა, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა.
ცვლილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ამას გარდა, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების” სანებართვო დანართის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან – 2023 წლის 1 სექტემბრამდე. ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში.
ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
წყარო - საქართველოს მთავრობა