თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს მუშაობას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტს. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად გაჩნდა ქვეყანაში ახალი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.