რამდენი ადამიანი მიიღებს А კატეგორიის ტაქსის უვადო ლიცენზიას 1 აპრილიდან

უვადო ლიცენზია დღეში 0,27 ლარი დაჯდება (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი)
Sputnik
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, 1 აპრილიდან სისტემაში А კატეგორიის ტაქსის 35 ათასი ნებართვა აიტვირთება და 35 ათას ფიზიკურ პირს გადაეცემა, განუცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა. 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები იქნება ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
„უკანასკნელ დღეებში დაახლოებით სამი-ოთხი ათასით მოიმატა მსურველთა რაოდენობამ... მნიშვნელოვანია, რომ პირველად თბილისში შეიქმნა ტაქსის ნებართვის ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოემსახურება ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით“, - აღნიშნა ხმალაძემ.
მისი თქმით, 1 აპრილიდან ამოქმედდება ასევე მითითებული საიტის განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული რეჟიმით.
რაც შეეხება ნებართვების ფასს, ვიცე-მერის თქმით, მას ბაზარი დაარეგულირებს.
ტაქსის А კატეგორიის მძღოლებისთვის ლიცენზიის გაცემა შეწყდა >>
როგორც ხმალაძემ განმარტა, ვებ-გვერდზე არის ველი, სადაც ნებართვები გასაყიდად განთავსდება. გაყიდვის მსურველმა ამ ველში უნდა შეიყვანოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ტაქსის ნებართვის შეძენა სურს, გაყიდვების შესახებ ინფორმაციას ამ ველზე იპოვის.
ახალი წესების თანახმად, А კატეგორიის ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობას შეძლებს.
დღემდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში- 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.
რაც შეეხება В კატეგორიის ტაქსის ნებართვებს, ვიცე-მერის სიტყვებით, მათი რაოდენობა დღეისათვის 9 ათასს შეადგენს.

ტაქსის რეფორმა

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსისტებს ლიცენზიის აღება და ტექინსპექტირების გავლა მოსთხოვეს. მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ტაქსები ორ კატეგორიად (А და В) დაიყო.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
„არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეს" - კალაძემ ტაქსის მძღოლებს მიმართა >>
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.