ამილახვარი: დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან

გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან და მივიღებთ გადაწყვეტილებებს პრობლემებზე საპასუხოდ, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განათლების ახალ მინისტრად წარადგინა. ამილახვარმა ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვლა, რომელიც განათლების უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
განათლების ახალმა მინისტრმა მმართველ გუნდს და პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა", – განაცხადა ამილახვარმა.

მისი განცხადებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ დაიწყება აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ლექტორებთან და მეცნიერებთან.
„მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა პრობლემაზე საპასუხოდ", – აღნიშნა მან.
როგორც ახალმა მინისტრმა განაცხადა, შეიქმნება ღირსეული პირობები მასწავლებლებისთვის, წამატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს შესთავაზებენ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს, ასევე უწყება მხარს დაუჭერს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას ევროპულ, დასავლურ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად.
საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ჰყავს>>
მისი განცხადებით, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად.
„უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის", – აღნიშნა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ის დეპუტატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. მანამდე, 2018-2019 წლებში მას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.