თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ჟურნალისტის ნატო გოგელიას თქმით, მას თავს დაესხა „ალტ-ინფოს“ გურიის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა ანდღულაძე, როდესაც გოგელია ცდილობდა გადაეღო, როგორ ხსნის ის ევროკავშირის დროშას სოფელ ბახვის ადმინისტრაციის შენობიდან.
ინციდენტი 15 მარტს მოხდა. ერთი დღით ადრე რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. დაჯარიმდა ხუთი ადამიანი.
გამოძიებამ ბახვის ინციდენტთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ჟურნალისტი მუშაობდა, როდესაც ბრალდებულმა მას დაარტყა, წაართვა მობილური ტელეფონი და დააზიანა ის.
„აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით.