თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბავშვი, რომელმაც ბათუმში, პლაჟზე ბატუტზე თამაშისას ტრავმა მიიღო, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შავი ზღვის სანაპიროზე დამონტაჟებული იყო ბატუტი, რომელიც ქარმა 11 მარტს იმ დროს აიტაცა, როდესაც მასზე ორი ბავშვი თამაშობდა. ბავშვებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთი, 9 წლის ბიჭი იმავე საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვები ძმები იყვნენ.
უფროსი ვაჟის დაკრძალვის შემდეგ, 14 მარტს მშობლებმა უმცროსი ძმა თურქეთში წაიყვანეს.
გუშინ სამი წლის ბავშვის მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა არის დადებითი დინამიკა.
ბავშვის დაღუპვის საქმეზე სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ მას უკვე წაუყენა ბრალი უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში დადგმული ბატუტის უსაფრთხოებაზე და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
გამოძიების ვერსიით, ის გულგრილად მოეკიდა საქმეს და ცუდად დაამაგრა ბატუტი. ამის გამო ქარმა ის აიტაცა იმ დროს, როდესაც მასზე ბავშვები იმყოფებოდნენ, და რამდენიმე ათეული მეტრის იქით გადააგდო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვს. გამოძიება გრძელდება.