თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამის შესახებ მან Twitter–ში დაწერა.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს“, – დაწერა მიშელმა Twitter-ში.
ევროპული კავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება, აღნიშნა მან.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.
ამჟამად თბილისში, პარლამენტის შენობასთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია უცხოური აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.