პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს

დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირია დაკავებული, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

„აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
„სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას", – აღნიშნულია განცხადებაში.
საპროტესტო აქცია რუსთაველზე: რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან>>>
გუშინ თბილისის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება.
აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები.