თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ITB Berlin-ის მასშტაბური ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურიზმის ჰაბად ფორმირების პოტენციალი გავაცანი, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, 6-9 მარტის პერიოდში იმართება. საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაურმა, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მქონდა პატივი, მემასპინძლა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ბერლინში და საქართველოს უკიდეგანო მასპინძლობის კონცეფცია გამეცნო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ბუნება და ყველა ის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
6 მარტს საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართეს.
გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილია აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
7 მარტს საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში". გარდა ამისა, დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.