არ მესმის ლოგიკა: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა

კულტურის მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის განცხადებას უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. არ მესმის აშშ-ის ელჩის ლოგიკა, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული, აშშ-ის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და მიმართულია მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, ქართული კანონი ქართული არ არის. მე, მართალი გითხრათ, კარგად ვერ გავიგე ვერც ლოგიკა, ვერც ფილოსოფია ამ განცხადებების უკან“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო უნდა ეკითხებოდეს აზრს სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ ეს აღრევა ქვეყანას იქამდე მიიყვანს, როგორც ეს ხდება დედამთილსა და რძალს შორის.
„მაგალითად, ხანდახან დედამთილს არ მოსწონს რძალი და რა ქნას ახლა ამ რძალმა, გამოაცხო ერთი ხაჭაპური, ორი ხაჭაპური, მაინც არ მოსწონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრემიერმა კანონპროექტს უცხოური აგენტების შესახებ მხარი დაუჭირა >>
კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯობს ჰკითხონ აშშ-ის ელჩს, რას გულისხმობდა ის.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აღმოჩნდა, მოქმედებს არა ეს კანონი, რაზეც არის ახლა მთავარი აქცენტი, არამედ სხვა კანონი, რომელიც ასევე იხილება პარლამენტში და რომელიც არის პირველ პროექტზე ასჯერ უფრო მკაცრი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მას ასევე არ ესმის, რატომ უწოდებენ კანონპროექტს რუსულს.

„ამერიკული კანონი ამერიკული არ არის – რას ნიშნავს, მე არ მესმის, ქართული კანონი ქართული არ არის – ესეც არ ვიცი, რას ნიშნავს. მე აქამდე ვიცოდი, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს პროექტი შექმნა და დააინიცირა – სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, ეკა სეფაშვილი და სხვები, ვიცოდი რომ ქართველები არიან, მგონი სწორად მგონია“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საჭიროა სტრატეგიული პარტნიორების აზრის გათვალისწინება.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
კანონპროექტების განხილვები პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობაზე, გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს რუსული კანონის ანალოგია.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.

სკანდალური ინიციატივა და რეაქცია

კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
გინება და ჩხუბი პარლამენტში - მღელვარება უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის შესახებ არ ცხრება>>
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
დღეს თბილისში პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამედ იმართება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები კანონპროექტების მიღებას ეწინააღმდეგებიან.