ჯილდო თურქეთში ადამიანის გადარჩენისთვის:საქართველოში მაშველ ძაღლს საგანგებო ჟეტონი გადაეცა

„ტინტოს“ სპეციალური ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“ სპეციალური ჟეტონით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დაჯილდოვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - მამუკა სეფიაშვილმა გადასცა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაშველმა ძაღლმა საქართველოდან თურქეთში ნანგრევებში მყოფი ადამიანი გადაარჩინა >>
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.
საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.
ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.